“ცოლი წაიყვანა ექიმთან როცა დააკავეს” – ფოთის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი მასალების გასაცნობად მივიდა
ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავა საქმის მასალების გასაცნობად მივიდა.
როგორც “რეგიონული კვირის” ჟურნალისტი ფოთიდან იტყობინება, ადვოკატი სამხარეო პოლიციის შენობაში უკვე მივიდა და საქმის მასალები ჩაიბარა.
როგორც უფლებადამცველმა მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
,,გუშინ მას წაეყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ანუ განზრახ მკვლელობა, ბრალს იგი არ აღიარებს და ამბობს, რომ ამ მკვლელობასთან მას არანაირი კავშრი არ აქვს. მისი მდგომარეობა თუ გაინტერესებთ, ის არის ნორმალურად. მეზობლის ავტომობილით მოძრაობდა, ცოლი წაიყვანა ექიმთან როცა დააკავეს მალთაყვის ხიდთან.
იარაღი ამოღებული არ არის, როგორც თვითონ ამბობს, მას არავითარი მოტივი არ ქონდა მკვლელობის, რადგან ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როცა მას ჰქონდა საუბარი გურამ ახალაიასთან, ახლაიამ ის დაარწმუნა, რომ კავშირში არა არის მისი ძმის მკვლელობასთან, შესაბამისად, ეს ამბობს რომ ჩვენი საუბრიდან მე დავასკვენი, რომ ის მართლაც არაფერ შუაშია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კაცი არის უდანაშაულო ამ საქმეში, ამიტომ, ჯერ არც გაუსამართლებიათ მისი ძმის მკვლელობის საქმეზე და შესაბამისად, მე არავითარი პრეტენზია მის მიმართ არ გამაჩნდა და მას არ მოვკლავდიო.
ჩვენ როცა ავიღებთ ამ მასალებს, გამომძიებელი წაიღებს საქმეს სასამართლოში და ჩაინიშნება აღკვეთ ღონიძიებაზე განხილვის დრო ამის მერე ჩვენ ჩავერთვებით დისტანციურად“ – აცხადებს ნუგზარ ტყებუჩავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღკვეთ ღონისძიებაზე, სასამართლო სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს.