ნათია თურნავა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჩვენს ქვეყანაში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებას განახლებული შეხვდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. მასთან ერთად აეროპორტში არსებული ვითარება დაათვალიერეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
„2021 წლის აპრილამდე, ანუ საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე, ასევე ქუთაისიდან ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ფრენების გააქტიურებამდე, ქუთაისის აეროპორტში ორივე ტერმინალის გაერთიანება დასრულდება. პრაქტიკულად, 2 თვეში ჩაგვბარდება გაფართოებული საერთაშორისო აეროპორტი, სადაც გაზრდილია როგორც სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა – გვექნება 18 დახლი 10-ის ნაცვლად, ასევე თითქმის გაორმაგებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა. აეროპორტი 1 სთ-ში შეძლებს მოემსახუროს 1,200 მგზავრს. შედეგად, მისი გამტარუნარიანობა დასრულდება. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ამოქოქვისა და ტურიზმის გაჯანსაღების და ძველ ნიშნულების ფონზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.
აეროპორტში უკვე დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამუშავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები