“ამბობს, რომ მოკლულის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდა” – ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი
ფოთში მომხდარი მკელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ ადვოკატი, ნუგზარ ტყებუჩავა აცხადებს, რომელიც შალვა (ბაჩანა) შალიკაშვილის ინტერესებს იცავს.
განცხადება უფლებადამცველმა სამხარეო პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
“ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მე ჯერ არ ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ხვალ გადმომეცემა. იგი ბრალს არ აღიარებს. გამოკითხვის ოქმი შედგენილია, რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი. ნივმტკიცების სახით იარაღი ამოღებული არ არის, ეს ზუსტად ვიცი. თავს ნორმალურად გრძნობს. ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს. მის მიმართ ძალადობას ადგილი არ აქვს. ის, რომ თითქოს, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, მან განმარტა, რომ არავითარი პრეტენზია მოკლულის მიმართ არ გააჩნდა. 15 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთმანეთში საუბარი, ახსნეს ყველა დეტალი, თითქოს იყო რაღაც სადავო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ გურამ ახალაიამ დაარწმუნა იმაში, რომ მისი ძმის, გია შალიკაშვილის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა. რაც შეეხება გურამ ახალაიას მკვლელობას, ამბობს, რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია, არავითარი შეხება ამ საქმესთან არა აქვს და სხვის გამო ციხეში არ ჩაჯდება,“ – ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, გუშინ ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, გიორგი ახალაია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.