ახალი ბილიკი, პანელური განათებები და მოსასვენებელი ადგილები – რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა საირმის სვეტებამდე მისასვლელ ტერიტორიაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების“ პროგრამის ფარგლებში საირმის სვეტებამდე მისასვლელი ბილიკებისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა უკვე დასრულდა.
„რეგიონული კვირა“ პროექტთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ უგრეხელიძეს ესაუბრა. მერი განმარტავს, რომ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამამ” კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა.
„ჩვენ საირმის სვეტებამდე მისასვლელი ბილიკების მოწყობისა და სხვა ინფრასტრუქტურული განვითარების იდეით მივიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობა, იდეა მოწონებული იქნა და 293.000 ლარით მოხდა დაფინანსება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო მისასვლელი ბილიკები, გაკეთდა განათება, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს, მოწესრიგდა დასასვენებელი ადგილები“,-განაცხადა მერმა.
სოფელი საირმე ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს, რაც ტურისტული თვალსაზრისით ამ ლოკაციას კიდევ უფრო მომგებიანს ხდის.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პანდემიის ფონია, უკვე მნახველთა და ვიზიტორთა მსურველებმა მოლოდინს გადააჭარბა, იქ ჯვრისწერები და გამოფენებიც კი მოეწყო,იმედი გვაქვს, პანდემიის დასრულების შემდეგ ადგილს ბევრი ქართველი და უცხოელი ტურისტი მოინახულებს“, – ამბობს ავთანდილ უგრეხელიძე.
მისივე თქმით, იგეგმება საირმის სვეტების განვითარების მეორე ფაზაც, რომლის ფარგლებში უფრო დიდი პარკინგი მოეწყობა, სველი წერტილები განთავსდება და საირმის სვეტები სხვადასხვა ფერებში განათდება.