ზაზა გახელაძის დედა: არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის განცხადებით, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
როგორც მან ადგილზე ჩასულ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, მიიღეს დაპირება, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.
“12 წელი და 6 თვე მისცეს ჩემს უდანაშაულო შვილს. უკვე 7 თვე ხდება ისედაც იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა. თავისი გაფორმებული იარაღი ჰქონდა, არავინ დაუჭრია და არავინ მოუკლავს. რას ედავებიან არ ვიცი. გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ იმისთვის, რომ ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსო, მაგრამ არ ვიცი რამდენად მალე იქნება ეს დრო”, – განაცხადა ნანა ბუნტურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, რომელიც გახელაძეების ოჯახში ვიზიტის შემდეგ გააკეთა, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი.
როგორც მან ჟურნალისტებს ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა შესაბამის მხარეზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოლა და უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.
“დღევანდელი ანტიჰუმანური და უკანონო ე.წ. გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ დანაშაულებრივი პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითს, რასაც წლების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ამკვიდრებდნენ. ეს არის უკიდურესად ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიცია უკანონო დაკავებების დანაშაულებრივ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შესაბამის მხარეზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოლა და უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მყარ ბერკეტს, ეს არის საერთაშორისო პარტნიორების განუყრელი თანადგომა ოკუპაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ანთაძემ.
მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ ბევრი მოქალაქე იყო დაკავებული, თუმცა, ისინი საბოლოოდ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსული მედიის ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).