“ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს”

ჩვენ ყველა რესურსის გამოყენებით ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკანონოდ დაკავებული ყოველი ჩვენი მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია.

განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ცალსახად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით. უკანონო დაკავებები ჩვენი ხელისუფლების უმწვავესს გამოწვევას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია.

ჩვენ ყველა შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა უკანონოდ დაკავებული ყოველი ჩვენი მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს,”- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები