“უკანონო გადაწყვეტილებას წინ დაჭრა უძღოდა” – სუს-ი ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და მისი უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე. ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

,,ზაზა გახელაძის მიმართ, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები