სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი” ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია
ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების საფუძველზე, „საპარნტიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა.
სასტუმრო დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო 4 სეზონის ტიპის სასტუმრო მთაში“.
პანდემიით გათვალისწინებული გარემოებების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების „Welcome to Georgia!“-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა მარინა ჩაიკამ პრიზი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ დირექტორს, კობა აბულაძეს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გადასცა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დამსვენებლებისა და ტურიზმის დაჯილდოების კომპეტენტური ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მივიღეთ და წელსაც გავხდით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნომინაციის გამარჯვებული. ჩვენი სასტუმრო მრავალფეროვან და განსხვავებულ სერვისს სთავაზობს დამსვენებლებს წლის ოთხივე სეზონზე. ასევე, განსაკუთრებული სამედიცინო პროგრამა გვაქვს შემუშავებული ვირუსგადატანილი პირების სარეაბილიტაციოდ. ამგვარი ჯილდოს აღება სასტუმროს თანამშრომელთა დაუღალავი შრომის შედეგია, ასევე ჩვენთვის და მთელი პერსონალისთვის დიდი სტიმულია“, – განაცხადა კობა აბულაძემ.
შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აქციების 100%-ის მფლობელია.