“მეტადონი” მარილის ტომრებში – პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო და ირანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე-1987 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.დ. ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან 195 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.დ. გეგმავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ საქართველოში შემოტანას. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა დანაშაულის სისრულეში მოყვანის სავარაუდო მარშუტი. თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომანქანის ჩხრეკისას, მ.დ.-ს კუთვნილი ტვირთის- მარილის ტომრების შემოწმებისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1 171 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები