ხულო-თაგოს ბაგირგზის სადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია,
ხულო-თაგოს საბაგიროს სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
წინადადებების მიღება 18 თებერვლიდან იწყება და 23 თებერვლის 17:30 საათამდე გაგრძელდება.
განცხადების ნომერი: NAT210001818
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 113 864.00 ლარია.
ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.
საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.
ქარიანი ამინდი საბაგირო გზის ერთადერთი დაბრკოლებაა.
საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. გახსნის დღიდან მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, მისი ამოქმედება ცნობილი ინჟინერის და არქიტექტორის შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება.