მდინარე რიონიდან ამოტანილი ქვებით აშენებული “ღვინის სახლი” ამბროლაურში – “რეგიონული კვირის” სიუჟეტი
მარიკა დოხნაძე და დათო ლობჯანიძე ამბროლაურში, სოფელ ხვანჭკარაში ცხოვრობენ. მარიკას სხვაგან წასვლაზე არასდროს უფიქრია, ამბროლაურის სამხატვრო სკოლასაც ხელმძღვანელობს და საკუთარ ბიზნესსაც კარგად უძღვება. დათო და მარიკა წლებია უნიკალური რაჭული ყურძნის ჯიშებისგან საუკეთესო ღვინოს აწარმოებენ.
ბუნებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა, მდინარე რიონის პირას ნაპოვნმა უბრალო ქვებმა, კარგმა ღვინომ და ბიზნესის წამოწყების სურვილმა „ღვინის სახლი“ საკუთარი ხელით ააშენებინათ. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამამ 10 000 ლარით დაუფინანსათ და პანდემიამდე ტურისტებსაც მასპინძლობდნენ.
ახლა ბიზნესი შეჩერებული აქვთ, თუმცა მომავლის იმედს არ კარგავენ და ბიზნესის გაფართოების გეგმებიც აქვთ: მარიკას „ღვინის სახლში“ საკუთარი ნახატები, თექაზე ნამუშევრები რაჭულ სიძველეებთან ერთად აქვს გამოფენილი, პატარა მუზეუმიც უნდა რომ გააკეთოს, სადაც სხვა მხატვრებიც შეუერთდებიან.
“მე შეიძლება მდიდარი არა, მაგრამ ბედნიერი ნამდვილად ვარ, რადგან ჩემი მხარე ძალიან მიყვარს. საკუთარ ეზოში გაშლილი ერთი ყვავილი, ჩიტების ჭიკჭიკი და ვაზის მტევანი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. აი, რა არის ჩემთვის ბედნიერება“, – ამბობს მარიკა დოხნაძე.