“თანამდებობა არ დამიტოვებია, ეს მორიგი სიცრუეა” – ნონა თოდუა “რეგიონულ კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს
დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა, თავად ნონა თოდუა არ ადასტურებს.
როგორც მან “რეგიონულ კვირას” განუცხადა, გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების შემდგომ მიიღებს.
“მე არ დამიტოვებია აღნიშნული თანამდებობა, ეს არის მორიგი მიზანმიმართული სიცრუე ჩემ წინააღმდეგ. არ დამიტოვებია თანამდებობა, ველოდები გამოძიების დასრულებას, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნონა თოდუამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, მეორე საჯარო სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.