„სრულიად საქრისტიანოს ვულოცავთ ამ დღეს“ – მაქსიმობა ლეჩხუმში
ლეჩხუმში წმინდა მაქსიმეს ხსენების დღე აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ცაგერის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა აღავლინეს. დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მრევლი ესწრებოდა. წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებთან ერთად მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც წმინდანის წმიდა ნაწილებია დაბრძანებული. წირვა-ლოცვას ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
წმინდა მამა მაქსიმე აღმსარებელი მსოფლიო მართმადიდებლური სამყაროს უდიდესი წმინდანი და ღვთისმეტყველი (დ. 580 — გ. 13 აგვისტო, 662) 656 წელს თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს, სადაც სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და გარდაიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში. მართმადიდებლური სამყარო წმინდანის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ -26 აგვისტოსა და 3 თებერვალს აღნიშნავს.