“მიზანმიმართულად ცილისმწამებლური კამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს” – გოგი მეშველიანი ერთ-ერთ მედიაში გასულ სიუჟეტზე
დეპუტატი გოგი მეშველიანი მედიაში მისი მეუღლის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. როგორც ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი Facebook-ზე წერს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის მეუღლის ავტომობილს მალავს.
„ცალსახაა, რომ ჟურნალისტს სიუჟეტზე არაპროფესიონალურად აქვს ნამუშევარი, მან სათანადოდ არ შეისწავლა ფაქტები, არ გადაამოწმა ინფორმაცია, ან უბრალოდ მიზანმიმართულად, ცილისმწამებლური კამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი მეუღლე ნანა ბარაბაძე ამ ეტაპზე ავტომობილს არ ფლობს. მან 2017 წელს ნამდვილად შეიძინა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი საბანკო ავტოგანვადების დახმარებით, რაც ასევე ასახულია ჩემ მიერ წარდგენილ დეკლარაციებში, თუმცა, აღნიშნული ფაქტი დამალა სიუჟეტის ავტორმა, ისევე, როგორც ის გარემოება, რომ ჩემმა მეუღლემ, ეს ავტომობილი დაახლოებით 5 თვის წინ გაასხვისა და მის საკუთრებაში აღარ ირიცხება“, – წერს მეშველიანი.