“ჩემმა ბავშვმა გადაიღო ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ამ საქმის პოლიტიზირება არ გვინდა”

“ჩვენ არ გვინდა ამ საკითხის პოლიტიზირება. ისინი არიან მიშას აჩრდილები”, – ასე შეაფასა ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელმა, გიორგი გულუამ, მუნიციპალიტეტის მერიასთან ოპოზიციის მიერ გამართული აქცია.

მისი თქმით, მშობლებზე უკეთ შვილებს ვერავინ დაიცავს, შესაბამისად ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

“ჩემმა ბავშვმა გადაიღო ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მე როდესაც გავიგე ეს ამბავი, ვკითხე ჩემს შვილს რაში იყო საქმე. მითხრა, რომ არანაირი ზეწოლა არ იყო ჩვენი სურვილით შევედით საპირფარეშოში და გადავიღე და სამახსოვროდ გვინდოდა შეგვენახაო. ჩვენ, მშობლები ვგმობთ ბუნებრივია ამ ფაქტს. რეაგირება მოვახდინეთ, გვქონდა მშობელთა კრება, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან.
ჩვენ არ გვინდა ამ საკითხის პოლიტიზირება. ისინი არიან მიშას აჩრდილები. ყველამ ვიცით, წინა მთავრობის დროს რამდენი ბავშვი დარჩა ობოლი. ჩემზე უკეთ ჩემს ბავშვს არავინ დაიცავს. ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ ფაქტის გამოძიებით. ვინც არის დამნაშვე უნდა დაისაჯოს”, – განაცხადა გიორგი გულუამ.

შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მერიასთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები მერის გადადგომას მოითხოვენ. ადგილზე რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, მეორე საჯარო სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები