ხმაური და დაპირისპირება ჩხოროწყუში – აქციის მონაწილეებმა მერიაში შეჭრა სცადეს
ჩხოროწყუს მერიის შენობის წინ, სადაც ოპოზიცია აქციას მართავს, მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა მას შემდეგ სცადეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიცემული დრო ამოიწურა. მათ მერთან, დავით გოგუასთან შეხვედრა ითხოვეს, რისთვისაც კონკრეტული დრო დაასახელეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელთაც მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში წვლილი მიუძღვის.
ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია. მერიის შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ისინი აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, დილიდან ჩხოროწყუში სამოქალაქო აქტივისტები და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, მეორე საჯარო სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.