მითხრა, რომ ბავშვებისთვის მინის წმენდის ტექნიკა უნდა ეჩვენებინა – მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე
ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო თოდუა სკოლის მოსწავლეების მიერ ქალაქის მერიის საპირფარეშოს დალაგების ფაქტზე დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც ნონა თოდუამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, მან იცოდა, რომ მოსწავლეები სკოლის გარეთ გარკვეულ აქტივობაზე მიდიოდნენ, თუმცა აქტივობის შინაარსი მას ზუსტად არ განუმარტეს.
“ქალბატონი ეთერი მოვიდა სკოლაში და მითხრა, რომ გვაქვს ერთობლივი პროექტი რომელიც ითვალისწინებს ბავშვებს ვანახო მინის წმენდის ტექნიკა. თვითონ აჩვენებდა ბავშვებს როგორ ხდება, რათა მათ შრომის ფასი სცოდნოდათ. მე მას ვუთხარი, რომ საგაკვეთილო პროცესში ამის უფლებას ვერ მივცემდი და მითხრა, რომ დაელოდებოდა გაკვეთილების დასრულებას, ბავშვებსაც ვუთხარი, რომ მშობლებისგან აეღოთ ნებართვა. ყველა მათგანს, ვინც იქ იმყოფებოდა, ჰქონდა მშობლების ნებართვა. გაკვეთილების მერე სკოლასთან დახვდა ბავშვებს და ისე წავიდნენ. სკოლიდან არ მომხდარა ბავშვების გაყვანა”,- ამბობს სკოლის დირექტორი “რეგიონულ კვირასთან”.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მომხდარში თავის წილ პასუხისმგებლობას იაზრებს.
“ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაში რომ არ გადავამოწმე ეს ნამდვილად ერთობლივი პროექტი იყო თუ მხოლოდ ქალბატონი ეთერის ინდივიდუალური ინიციატივა. შემდეგ სწორედ ასე აღმოჩნდა, რომ მისი ინიციატივა იყო”,- განაცხადა ნონა თოდუამ.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.