მეუფე საბა “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს ეხმიანება – “ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის”
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი მეუფე საბა “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟს ეხმიანება. საქმე ეხება “შაბათის მთავარის” სიუჟეტს, სადაც სასულიერო პირის ბიზნესინტერესებზე იყო საუბარი.
“იმ სიუჟეტის მერე, რაც იყო გუშინწინ, რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს არ ვიცი, გამოაცხადეს, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბასა და მეუფე თეოდორეს ბიზნესსაქმიანობა. შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია. პატრიარქს რა დააბრალეს, მე რას მაბრალებ, სხვებს რას აბრალებენ, იმას, რაც ყველაზე მტკივნეულია შენთვის, შენი ტრადიციებისთვის, შენი ეროვნული და სულიერი ფასეულობისთვის. ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლსა და შენს კაბინეტში მოიკითხე და თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით.
დიახ, მივმართავ იმ ტელევიზიას, სადაც ამის საჭიროების მქონე ადამიანები მრავლად არიან: დაანებეთ ამ ქვეყანასა და ამ ხალხს თავი. თქვენგან საცდური მოდის და ვისგანაც საცდური მოდი, უფალი ამბობს – ვინც აბრკოლებს ადამიანებს ჩემთან მოსასვლელად, უმჯობესია წისქვილის ქვა დაიკიდოს და წყალში გადავარდეს”-ნათქვამია მეუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.