დღეიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო და ორ სასულიერო სკოლაში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ურეკის, დაბა ნასაკირალის და მზიანის სკოლების გარდა, ჯერჯერობით ჰიბრიდულ სწავლებაზე არიან, რადგან ამ სკოლებში ახალი შენობების მშენებლობა მიმდინარეობს.
“სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში დავიწყეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი განეახლებინა. დღის 12 საათის სტატისტიკის მიხედვით, 44-ვე სკოლაში, გამოცხადების საშუალო მაჩვენებელი, 90-95%-ია, არის სკოლები, სადაც 100% იყო დასწრება. ეს რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, პირველ ყოვლისა, ერთმანეთი მოენატრათ, არის ნდობის ფაქტორიც, მშობლებმა ძალიან კარგად იციან, რამდენად მზად არის ამ ეტაპზე სკოლები მათი შვილების დასახვედრად. ეს იყო მასწავლებელთა ტესტირებით დაწყებული, ყველა რეკომენდაციის და წესის დაცვით. არცერთ მასწავლებელს კოვიდინფიცირება არ დადასტურებია, ამ ტესტირებების შედეგად. იმედი მაქვს, რომ ამ სემესტრს ასე დავასრულებთ, თუმცა არის სამი საჯარო სკოლა, სადაც ჰიბრიდული სწავლებით მივდივართ, ეს მოიცავს ონლაინისა და კონტაქტური სწავლების შეერთებას. სამივე შემთხვევაში არის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შენდება ურეკის და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლები, მიმდინარეობს მზიანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ისინი განთავსებული არიან ძველ, ან ალტერნატიულ ფართებში, სადაც ვერ მოხერხდებოდა ჰიბრიდული სწავლების გარეშე, დისტანციის და სხვა რეგულაციების დაცვით სწავლის დაწყება”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანა შეზღუდვების გამარტივების პირველ ეტაპზე გადავიდა. საქართველოს მასშტაბით გაიხსნა მოლები და აავაჭრო ცენტრები, ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა, ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლებმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლეს. ამასთან ასევე აღდგა რეგულარული ფრენები.