“იქნება ერთიანი სივრცე მოფრენისა და გაფრენისთვის” – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის რეაბილიტაცია სრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები, თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე, ბოლო მოქმედებები მიმდიმარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში განუცხადეს.
“ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ბოლო სამუშაოები დარჩა. როგორც იცით, კედელი იხსნება და ერთიანი სივრცე ხდება. იქნება მოფრენისა და გაფრენის ტერმინალი”,- აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, ახალი ტერმინალი არსებულზე ოთხჯერ დიდი იქნება და საათში 1200 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ანალოგიური სარემონტო სამუშაოები არსებულ ტერმინალშიც უნდა განხორციელდეს, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება.
შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.