ამბროლაურის მერი: სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებებისა და თქვენ მიერ გამოჩენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დახმარებით, დღეს შესაძლებელი გახდა სკოლებში სწავლის განახლება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში განახლდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შესაბამისი რეგულაციები სრულადაა დაცული. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ ბავშვებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.
,,ჩემო ძვირფასო ბავშვებო და პედაგოგებო, გილოცავთ სწავლის განახლებას საკლასო ოთახებში! გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის. პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესი ბოლო პერიოდში განსხვავებულ ვითარებაში, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებებისა და თითოეული თქვენგანის მიერ გამოჩენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დახმარებით, დღეს შესაძლებელი გახდა სკოლებში სწავლის განახლება. დიდი იმედი მაქვს, სირთულეებს მალე დავძლევთ და არსებულ გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდებით“, – განაცხადა ამბროლაურის მერმა.