სერგეი შამბა საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონებას ითხოვს- “ცალკეულმა პირებმა არ უნდა მოითბონ ამაზე ხელი”

ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ “საქართველოსთან არსებული სავაჭრო ურთიერთობის დაკანონებაა საჭირო, რათა ცალკეულმა პირებმა” ხელი არ მოითბონ და ფული “ხაზინაში შევიდეს”.

ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

“ბევრჯერ მითქვამს, მოდით შევთანხმდეთ, მოდით დავაყენოთ იქ შესაბამისი სამსახურები, მოდით, დავაკანონოთ ეს პროცესი. ამ წლების განმავლობაში, ყველაფერი რაც საზღვრის გავლით გადის – ტვირთი და საქონელი, არაფერი შედის სახელმწიფო ხაზინაში, არამედ ცალკეული მეწარმეების ჯიბეებში მიდის, რომლებსაც ასეთი რეჟიმი აწყობთ და რომლებიც ამ პროცესის საქართველოს საზღვართან დაკანონებას ეწინააღმდეგებიან. ეს ახლაც კი ხდება, როდესაც კორონავირუსული ვითარება გვაქვს და გამკაცრებაა, ანუ საზღვარი პრაქტიკულად ჩაკეტილია, მაინც, ხედავთ, რომ საქონელი საქართველოდან მაინც ხვდება ჩვენს ბაზრებზე. ეს ხომ ცხადზე ცხადია. ამიტომ, აქ ერთადერთი გზაა – ეს ვაჭრობა იყოს დაკანონებული. ვიცი, რომ ისევ არ მოეწონებათ ჩემი მოსაზრება. მაგრამ, მინდა რომ ხალხიც დაფიქრდეს, რატომ გამოდიან ზოგიერთები ამის წინააღმდეგ? რატომ? იმიტომ რომ თვითონ არიან ამაში დაინტერესებული, რომ ეს ყველაფერი ხაზინის მიღმა იყოს. რა არის ხაზინა? ეს ხალხის საფულეა და ყოველთვის ვემხრობი იმას, რომ თანხები ამ საფულეში მოხვდეს და არა გვერდი აუარონ, როგორც ეს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც ხდება. ეს უნდა დასრულდეს, ცალკეულმა პირებმა არ უნდა მოითბონ ამაზე ხელი”, – განმარტა შამბამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები