თამარ ბელქანია ჩხოროწყუში მომხდარზე: განათლების სისტემაში სისტემური პრობლემებია, რადგან დირექტორი ვერ იცავს მოზარდს
“განათლების პრიორიტეტულობა ფიქციაა”, – ასე გამოეხმაურა პარტიის “ლელო საქართველოსთვის” ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და პროფესორი თამარ ბელქანია ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს.
როგორც ბელქანია სოციალურ ქსელში წერს, განათლების სისტემაში სისტემური პრობლემებია, რადგან მისი განმარტებით, მომხდარით დასტურდება, რომ დირექტორი მოზარდს ვერ იცავს.
“ასეთი რამ ჩოროწყუში პირველად არ ხდება. პრობლემა ისაა, რომ პირველ ჯერზე ის საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. შრომა არასდროს არის დამამცირებელი,
მაგრამ პანდემიის პირობებში, როდესაც ხელისუფლება სასწავლო პროცესის აღდგენაშიც კი დიდ რისკს ხედავს, ამორჩევითად მოზარდების წაყვანა და იძულებით საქმიანობაში ჩართვა, სრულიად მიუღებელია.
უფრო ცუდია, როდესაც ეს სკოლის დირექტორთან შეთანხმებით ხდება, რომელმაც, სავარაუდოდ, უბრალოდ, უარი ვერ თქვა. აქ უკვე მეორე პლანზე გადადის დასუფთავების სამსახურის დანაშაული, რომელმაც “მუშახელი” – ოთხი მეშვიდეკლასელი მოზარდის სახით იშოვნა.
განათლების სისტემაში სისტემური პრობლემებია. დირექტორი ვერ იცავს მოზარდს, რატომ? იმიტომ რომ მოსალოდნელი რეპრესიის ეშინია. ამიტომ, დღეს სკოლა მმართველი პარტიის სამსახურადაა ქცეული, რომელსაც ხან არჩევნებში ხმების მობილიზაციისათვის იყენებენ, ხანაც დასუფთავებისთვის.
სკოლის დირექტორი დაშინებულია, პედაგოგი ხმების მობილიზებაზე მუშაობს, მოსწავლეები სრულფასოვნად სკოლაში ვერ დადიან, თუმცაღა მერიას თუ დასჭირდა ტუალეტებსაც გაახეხინებენ. აქედან ჩანს ხელისუფლების რეალური დამოკიდებულება სკოლისადმი – განათლების პრიორიტეტულობა ფიქციაა.
დაშინებული სკოლა კი თავისუფალ მოქალაქეს ნამდვილად ვერ აღზრდის”, – წერს თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ჩხორორწყუს მერიასთან მერის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ფაქტს გმობენ და ამბობენ რომ მომხდარზე პასუხისმგებელი დავით გოგუაა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.