“ქალბატონი, რომლის ორგანიზებითაც ეს მოხდა ჩვენი თანამშრომელი არ ყოფილა” – რას აცხადებს ჩხოროწყუს მერი საპირფარეშოს დასუფთავებაზე
მომხდარის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოებს და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე,150-ე მუხლის მეორე ნაწილით. აქედან გამომდინარე, დანარჩენს გამოძიება დაადგენს და თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა დაისჯება, – ასე გამოეხმაურა ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს.
“ბუნებრივია, ამას გამართლება არ აქვს, სამწუხაროდ. ამასთან, გარდა ამისა, რეაგირება გააკეთა რესურსცენტრმა, ამის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოებს და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე,150-ე მუხლის მეორე ნაწილით. აქედან გამომდინარე, დანარჩენს გამოძიება დაადგენს და თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა დაისჯება.
მომხდართან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გქვონდა, თვითნებობას ჰქონდა ადგილი და ფაქტობრივად, როგორც კი ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ, რომ მერიის შენობაში იმყოფებოდნენ ბავშვები, მაშინვე რეაგირება მოვახდინეთ, ბავშვებს დავატოვებინეთ სივრცე, რა თქმა უნდა”, – განაცხადა დავით გოგუამ.
რაც შეეხება “რეგიონული კვირის” კითხვას, პირი, რომლის ორგანიზებითაც მსგავსი აქცია განხორციელდა არის თუ არა მერიის თანამშრომელი, ჩხოროწყუს მერი პასუხობს რომ არა.
“ეს ქალბატონი არ არის მერიის მოქმედი თანამშრომელი და არც მერიის აიპის, მას ხელშეკრულების გათვალისწინებით ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოეწურა, აქედან გამომდინარე მისი უფლებამოსილება არ ვრცელდებოდა იანვრის თვეში”, – თქვა გოგუამ.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.