ჩხოროწყუში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება
ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას გადადგომას ითხოვენ.
ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია და აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნონა თოდუა “რეგიონულ კვირასთან” განმარტავს, რომ ის გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას და მზადაა დღესვე დაწეროს განცხადება თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.
„ჩვენთან სკოლაში მოვიდა მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც მითხრა რომ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უნდა წაეყვანა მერიაში დასასუფთავებლად. ჩემი შეცდომა ისაა, რომ მე არ გადავამოწმე ეს ფაქტი და ბრმად ვენდე ეთერ ჯაფარიძეს, შემთხვევითი პრინციპით შეირჩა მე-7 კლასი და ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ წაიყვანა ქალბატონმა ეთერმა მერიაში. მეორე დღეს, ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მივხვდი თუ რაში იყო საქმე“,- თქვა ნონა თოდუამ.
მე-7 კლასის მოსწავლე ლუკა ჯოჯუა ამბობს, რომ კლასიდან 10 ბავშვი წავიდა, მათ ჯერ ფანჯრები გაწმინდეს და შემდეგ საპირფარეშოში შევიდნენ, რაც ბოლომდე ვერ დაასრულეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეთერ ჯაფარიძეს მერიაში ხელშეკრულება გასული წლის 31 დეკემბერს შეუწყდა, ამის შესახებ ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა აცხადებს.
„რა თქმა უნდა ფაქტს ვგმობ, დაწყებულია მოკვლევა და ყველა კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს“,- ამბობს გოგუამ.
შსს-ს ცნობით ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.