პაატა ცინცაძე: ნამახვანი ჰესის მსგავსი დიდი სადგურების გარეშე საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელია
ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელება კარგი მესიჯი იქნება საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება შესაძლებელია და აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ასეთი დიდი სადგურების გარეშე ვერ მიიღწევა. რა თქმა უნდა, მცირე სადგურებიც უნდა აშენდეს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ისეთი დიდი ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა, ზამთარში ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება და იმპორტის შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განაცხადა .
აკადემიკოსის თქმით, საქართველოს ერთადერთი ენერგეტიკული რესურსი წყალია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოხდეს მისი მაღალი ტემპით ათვისება. „დღეს დიდი გატაცებაა მზისა და ქარის ენერგიებით. ვერც ქარის და ვერც მზის ენერგეტიკა ვერ განვითარდება საქართველოში, თუ ქვეყნის ენერგოსისტემაში არ გვექნება სიმძლავრის სწრაფი მანევრირების მქონე ელექტროსადგურები, რომლებიც დაარეგულრებენ მზისა და ქარის ცვალებად ენერგიას. ამდენად, სწორედ დიდი სიმძლავრის და წყალსაცავიანი ჰესების არსებობა მოგვცემს შემდეგ საშუალებას, მზისა და ქარის ენერგეტიკული რესურსები ავითვისოთ,“ – განაცხადა პაატა ცინცაძემ.
ნამახვანის ჰესი არის 430-მეგავატიანი ჰესი, რომლის კასკადის წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. პროექტის 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2000 – მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილი რიონის ხეობის სოფლების მოსახლეები იქნებიან. სადგურის სრულად ექსპლოატაციაში შესვლა 2024 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.