„ახალი, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნა მნიშვნელოვანია ლეჩხუმისთვის” – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ადგილზე პროექტის წარმომადგენლებმა შეაფასეს

ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლები, ვიტოლდ სარტორიუსი და ნინო ხუხუა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელთან, ქრისტინე კობახიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და დაფინანსებული პროექტი მოინახულეს. პროექტი ლეჩხუმში საირმის სვეტებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობდა.
„რეგიონული კვირასთან“ ცაგერის მუნიციპლიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ  განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის ლეჩხუმში განხორციელება უდიდესი საქმეა და იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის ზრდას.
„ახალი, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნა მნიშვნელოვანია ლეჩხუმისთვის, მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლებს, რომლებიც საირმის სვეტების ლოკაციაზე სტუმრობისას გაეცნენ თუ როგორ შესრულდა მათ მიერ დაფინანსებული პროექტი და სასიხარულოა, რომ მხარდაჭერის ჯგუფმა ამ ობიექტზე განხორციელებულ სამუშაოებს დადებითი შეფასება მისცა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლებელია ამავე ადგილას კეთილმოწყობის მეორე ფაზაც განხორციელდეს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“,-განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.
საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროგრამის – საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში პირველი კონკურსი 2020 წლის ივნისში ჩაატარა. 11- მა მუნიციპალიტეტმა ოთხი საპილოტე რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), ჯამში 5 მილიონ ლარამდე დაფინანსება მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები