ბადრი ესებუა საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველები მაქსიმალურად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ მის დასაკავებლად.
“ყველაზე მეტად ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მისი დაკავება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”, – აღნიშნა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი “საქართველოს ბანკში” შეიჭრა. პირმა ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს ბრალდებულს. მათი ინფორმაციით, ეს არის ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მცხოვრები, 32 წლის ბადრი ესებუა. გამოძიება 236-ე, 323-ე, 329 – ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა – შენახვას და ტარებას გულისხმობს.
დაკავებულია ბადრი ესებუას ძმაც, რომლის საქმეც ცოტა ხნის წინ ბადრი ესებუას საქმეს გამოეყო ცალკე წარმოებად. სამინისტროს ცნობით, ბიძინა ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა როგორც უწყებაში აცხადებენ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი.