„მიხარია, რომ ჩემი სკოლა მზადაა სწავლის საკლასო ოთახებში გასაგრძელებლად“ – მზადება ცაგერში პირველი თებერვლისთვის
ცაგერის მუნიციპალიტეტის 25-ივე სკოლა მზადაა სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. მანამდე კი 18 იანვრიდან მოსწავლეებს გაკვეთილები კვლავ ონლაინ ფორმატში უტარდებათ. „რეგიონული კვირა“ დაინტერესდა, როგორ ხვდება ლეჩხუმის საჯარო სკოლები სწავლის საკლასო ოთახებში განახლების პროცესს.
როგორც ცაგერის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი სილაგაძემ განაცხადა, 1-ელ თებერვლამდე ონლაინ სწავლების დაწყება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრისა და თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების შეჯერებული გადაწყვეტილების ფონზე მიიღეს. სასკოლო სივრცეში 1 თებერვალს სწავლის დასაწყებად კი მუნიციპალიტეტის 25-ივე სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი.
„ყველა პრობლემა მოწესრიგებულია – ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების საკითხები, ტექნიკური თუ სასმელი წყლის გამართულობა, გათბობის სისტემები, ასევე სკოლები მომარაგებულია საშეშე მერქანით და ქვანახშირით, სკოლებში შეტანილია სადეზინფექციო ხსნარები და პირბადეების მარაგი. რაც შეეხება პედაგოგთა ტესტირებას – 2 კვირის წინ გაიტესტნენ მასწავლებლები და ასე გაგრძელდება – ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ტესტირებას გაივლიან არა მარტო პედაგოგები, არამედ სკოლის სხვა პერსონალი და მძღოლებიც, რომლებიც ბავშვებს სკოლაში ტრანსპორტით ატარებენ. ამ მიზნით ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ თარიღები წინასწარ იქნება შერჩეული“, – განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორის დავით ცვარიანის განმარტებით, ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებსაც, რადგან მათ ყურადღება უნდა მიაქციონ შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას და სიმპტომების შემთხვევაში დროულად აცნობონ სკოლას.
„ცაგერის საჯარო სკოლა სრულ მზადყოფნაშია სასკოლო სივრცეში სწავლის გასაგრძელებლად“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ დავით ცვარიანმა.
თენგიზ ფრუიძე ცაგერის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მისი თქმით, სასკოლო სივრცეში სწავლის გადანახვლება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აბიტურიენტებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება სიახლე იყო, მაინც კარგად მოვერგეთ, მაგრამ ჩემთვის, როგორც აბიტურიენტისთვის, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია და მგოინია, რომ ზოგადად სასკოლო სივრცეს, პედაგოგებს და თანატოლებს ვერაფერი შეცვლის, ამიტომ ძალიან მიხარია სწავლის სკოლაში დაწყება. მთავარია, დავიცვათ ის რეგულაციები, რომელსაც ითხოვს ჯანდაცვის სისტემა და რომლისთვისაც ჩემი სკოლა უკვე მზადაა“, – განაცხადა თენგო ფრუიძემ.