სოფელ კონდოლში 1150 ოჯახი მალე სასმელი წყლის განახლებული სისტემით ისარგებლებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ჭაბურღილების წმენდის და სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მერიაში განუცხადეს.
მათი თქმით, ამ დრომდე კონდოლის მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა, სულ მალე კი 1150 ოჯახი განახლებული წყლის სისტემით ისარგებლებს.
სამუშაოები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ბარ-ლევ მენეჯმენტმა” შეასრულა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 519 032 ლარით დაფინანსდა.