ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში მოქმედი შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება. რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა.
როგორც “რეგიონულ კვირას“ ქალაქის მერიაში განუცხადეს, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ბათუმელებს გარკვეული რეგულაციების დაცვაც მოუწევთ:
“შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები. მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება. აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. აკრძალულია მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა. მუნიციპალური ავტობუსები იმუშავებს 21:00 საათამდე, ხოლო მიკროავტობუსები – 20:00 საათამდე. ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი. ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად მოწყობილია ბარიერები. მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება. დაწესებული რეგულაციების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს. რაც შეეხება მუნიციპალურ სასადილოებსა და საბავშვო ბაღებს, სურსათის გაცემა გაგრძელდება ყველა საპრევენციო რეგულაციის მკაცრი დაცვით”, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში ბოლო ორი თვის განმავლობაში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. მნიშვნელოვნად იკლო ახალმა შემთხვევებმა. დღეის მდგომარეობით რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 78 პაციენტი.