სიმონ გულედანი: მალე გორს კიდევ ერთი მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართული ქუჩა შეემატება
მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გორში, სამეფოს ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მაგი ინფორმაციით, სამუშაოები სავალი ნაწილის მოასფალტებას, ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას, სანიაღვრე ქსელის მოწყობას, წყლისა და კანალიზაციის სისტემის შეცვლას, ასევე, გარეგანათების, ქვის სკამებისა და ურნების დამონტაჟებას მოიცავს.
სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება.
“ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამეფოს ქუჩის 662-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება. შესაბამისად, მალე ქალაქს კიდევ ერთი მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართული ქუჩა შეემატება“, – აღნიშნა სიმონ გულედანმა.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.