იოსებ ხახალეიშვილი: უდიდესი შენაძენია ჩვენი ქალაქისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტირება დაიწყო. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ფონდ „ქართუს“ პროექტების მენეჯერ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, უნივერსიტეტში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს „IDOM”-ის (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების მწარმოებელი ლიდერი კომპანია “IBA“-ს (ბელგია) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც KIU-ს ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნასა და აღჭურვაზე მუშაობენ.
„მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვერდა გვქონდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ადრონული თერაპიის ცენტრის სამუშაო ჯგუფთან – ესპანელ და ბელგიელ სპეციალისტებთან. ვისაუბრეთ როგორც ცენტრის პერსპექტივებზე, ასევე უნივერსიტეტისა და ქალაქის თანამშრომლობაზე – საგანამანათლებლო, სამეცნიერო და ჯანდაცვის მიმართულებებით. უდიდესი შენაძენია ჩვენი ქალაქისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც საქართველოს სიმსივნური დავადებების მკურნალობის ჰაბად აქცევს რეგიონში. “ – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლების საშუალებით, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება, შესაძლებელი გახდება ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა.