“სახელოვნებო სკოლების გაერთიანება” – რას მოიცავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი ააიპ-ი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ “მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის” რეორგანიზაციის საკითხი განიხილა. საკითხმა დეპუტატებს შორის კამათი გამოიწვია.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას განცხადებით, საუბარია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისგან სახელოვნებო სკოლების გამოყოფაზე.
მისივე თქმით, 2018 წელს 5 ააიპი გაერთიანდა, თუმცა მუშაობის სპეციფიკამ აჩვენა, რომ სასახლე ფუნქციურად განსხვავებული ორგანიზაციაა.
“საქართველოში სულ 6 სასახლეა, მათ შორის ზუგდიდის და რატომ არ უნდა იყოს ის ცალკე. მითუმეტეს, რომ ფინანსური ხარჯები არ იზრდება. პრობლემა იყო მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისთვისაც. კონკურსში მონაწილეობისას იყო გაურკვევლობა, ვისი სახელით უნდა გამოსულიყვნენ ისინი. ასევე დიპლომი სამუსიკო სკოლის 7 წლიანია, სამხატვროსი – 5, სასახლე კი ვერაფერს აძლევს. გამოყოფის შემთხვევაში კი ეს დიპლომი მეტად ვალიდური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ამას არ მოჰყვება საშტატო ზრდა, მოხდება არსებული ადმინისიტრაციის გადანაწილება. გამოიყენება ამჟამინდელი რესურსი. ამჟამად, ეს ააიპ ფინანსდება 1 მილიონ 100 ათასით. ეს თანხა გაიყოფა”, – განაცხადა ეკატერინე კიფაიამ.
უმრავლესობის წინადადებას ააიპ-ების გაყოფაზე არ დაეთანხმა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელი ბათლომე შელია. მისი განცხადებით, გაერთიანების დროს, მთავარი მიზანი იყო ხარჯების ოპტიმიზაცია, მაგრამ მოხდა საპირისპირო და ააიპ-ებისთვის ბიუჯეტიდან ხარჯები გაიზარდა.
საბოლოოდ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა კიდევ 1 იურიდიული პირი – “სახელოვნებო სკოლების გაერთიანება”, რომელიც მოიცავს სამუსიკო სკოლებს, საგუნდო სკოლას და სამხატვრო სკოლას.