„ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“- პროექტის დასკვნით შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
გურიის რეგიონში საერთაშორისო პროექტი „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“ განხორციელდა, სადაც მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებასა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
დასკვნით შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მათ საჩუქრები საერთაშორისო ჟიურის, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გადასცეს.
„პროექტი მიზნად ისახავს ლატვიის ადგილობრივი მოსახლების ინფორმირებას აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ლატვიურ-უკრაინულ-ქართული შემოქმედებითი კონკურსი ახალგაზრდებისათვის. კოვიდპანდემიის გათვალისწინებით პროექტი მოდიფიცირდა და ონლაინფორმატში წარიმართა. პროექტის მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, თანამონაწილეობით პროცესების გააქტიურებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მხარდაჭერისთვის, კონკურსის ორგანიზატორებს. კონკურსის მონაწილეებს ვუსურვებ წარმატებებს“ – განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.
„ძალიან სასიხარულოა, რომ გურიის რეგიონის ჩართულობა ლატვიაში, ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების პროექტის ფარგლებში აქტიურად და წარმატებით ხორციელდება, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას, მუნიციპალიტეტების დონეზე ლატვიას და საქართველოს შორის და გამოცდილების გაზიარებას. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ვულოცავ პროექტის გამარჯვებულებს“ – ამბობს თეა მაისურაძე, ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
როგორც შეხვედრაზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღმავება. საერთაშორისო გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკების გაზიარების მიზნით, მუნიციპალიტეტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ლატვიის, უკრაინის და სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტებთან. ასევე, იგეგმება მემორანდუმის გაფორმება პროექტში მონაწილე პარტნიორებთან.
შეხვედრას ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, პროექტის პარტნიორები: პრეილის (ლატვია) და ნიჟინის (უკრაინა) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.