“ყველა რეგულაცია ზედმიწევნით შესრულდება” – ბოლნისში საჯარო და კერძო სკოლები სასწავლო პროცესის განახლებისთვის ემზადებიან
ბოლნისის სკოლებში, პირველი თებერვლისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. მოსწავლეები და მასწავლებლები სულმოუთქმენლად ელოდებიან როდის დაირეკება ზარი, სკოლაში გამეფებულ სიჩუმეს კი ბავშვების ჟრიამული შეცვლის. მასწავლებლები და მოსწავლეები უკვე გაეცნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებ და ელოდებიან როდის დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს. „რეგიონული კვირა“ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დირექტორს მადონა ლომსაძეს და „საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის“ დირექტორის მოადგილეს ნინო დევნოზაშვილს ესაუბრა.
როგორც N5 საჯარო სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სკოლა სრულად არის უზრუნველყოფილი პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარით და ზედაპირის დასამუშავებელი სითხეებით. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოზარდები 1-ელ თებერვალს საკუთარ მერხებს დაუბრუნდნენ.
„დადებითად ვაფასებ განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას, სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში დაწყებას. ჩემი როგორც დირექტორის პასუხისმგებლობა სრულად მაქვს გათავისებული და მზად ვარ, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რაც ასევე სამინისტორს მიერ იქნა შემუშავებული მკაცრად მოვახდინო ადმინისტრირება და დაცვა. სკოლის გარემო მოსწავლისთვის ძალიან მნისვნელოვანია, მე მესმის მშობლების იმ კატეგორიის, რომელიც შფოთავს და ხედავს რაღაც საფრთხეს, თუმცა ამ შემთხვევაში სკოლა არ არის მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი და საგაკვეთილო სივრცე. სკოლა არის გარემო, სადაც მოსწავლე ძალიან ბევრს სოციალურ უნარს და უნარ-ჩვევას ივითარებს“,- გვითხრა მადონა ლომსაძემ.
სამზადისი დაიწყეს ბოლნისში „საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაშიც“. სკოლის ზარი, რომელიც ყოველ დილით წკრიალებდა სამი თვეა გაჩუმებულია, სულ მალე კი მას მოსწავლეები ააწკრიალებენ. სასულიერო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო დევნოზაშვილმა ვერ დამალა ის სევდა, რაც ბავშვების არ ყოფნამ გამოიწვია.
„ყველა რეგულაცია, რაც არის დაწესებული ზედმიწევნით იქნება შესრულებული, ბავშვები ძალიან მენატრებიან და ერთი სული მაქვს თითოეულ მათგანს როდის ჩავეხუტები. სკოლას ამ ეტაპზე, ჰყავს 210 მოსწავლე და დისტანციურ სწავლებაში ყველა მოსწავლ იყო ჩართული.ჩვენ გვყავდა რამდენიმე ისეთი ბავშვი ვისაც ტექნიკის არ ქონის გამო არ შეეძლო ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება, ამის გამო ჩვენმა სკოლამ გადაწყვიტა ასეთი მოსწავლეებისთვის გამოეყო სკოლის ინვენტარიდან კომპიუტერები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ინტენეტის სიხშირის პრობლემა არ ჰქონდათ ჩვენი მოსწავლეებიის სრული რაოდენობა ესწრებოდა გაკვეთლებს. სკოლამ გაართვა თავი ფაქტობრივად, დისტანციურ სწავლებას. ჩვენ მცირე კონტიგენტიანი სკოლა ვართ და ყველა წესის დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს. იმისათვის, რომ ყველა რეგულაცია ზედმიწევნით იყოს შესრულებული, სკოლაში დავიმატეთ კადრები“,- გვითხრა ნინო დევნოზაშვილმა.
„რეგიონული კვირა“ დაინტერესდა მშობლების მოსაზრებითაც აქვთ თუ არა სურვილი განახლდეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში პანდემიის პირობებში და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს ნინო მანაგაძეს ვესაუბრეთ.
„რისკებთან არის დაკავშირებული, მე ძალიან კარგად მესმის ამ რისკის ფასი. მე გადავიტანე კოვიდი და ვიცი როგორი დაავადებაც არის და რა პრობელემა შეიძლება გაუჩინოს როგორც მოსწავლეს ასევე მასწავლებელს. როგორი მონდომებულიც არ უნდა იყოს ბავშვი გაუჭირდება როგორც დისტანციის დაცვა, ასევე მუდმივად პირბადის ტარება და ა.შ. მაგრამ ის რომ სკოლაში წასვლა და სკოლების გახსნა აუცილებელია. მოგეხსენებათ დისტანციური სწავლება საქართველოს სკოლებში ნოემბრიდან მიმდინარეობს, ჩვენი მასწავლებლები არაფერს აკლებენ რომ სწავლა მაღალ დონეზე მიიღონ ბავშვებმა რა თქმა უნდა კლასში ჩატარებული გაკვეთლები ბევრად უფრო მეტის მიმცემი იქნება ბავშვისთვის“,- გვითხრა ნინო მანაგაძემ.