რუსთავში ფალიაშვილის სახელობის სასწავლებლის პროექტზე 529 000 ლარი დაიხარჯება – ისტორეულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო.
როგორც რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამუშაოები მსგავსი ტემპით მიმდინარეობის შემთხვევაში, შესაძლოა პროექტი ვადაზე ადრე დასრულდეს.
„სრული რეაბილიტაცია უტარდება საკონცერტო დარბაზს, რომლითაც ოთხივე სამუსიკო სკოლა სარგებლობს და სწორედ მათი თხოვნა იყო ამ უნიკალური დარბაზის გარემონტება. საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, მოეწყობა ახალი სკამები, განათება, დამონტაჟდება გახმოვანების თანამედროვე აპარატურა, ამასთანავე მთლიანად გარემონტდა შენობის პირველი სართული, სადაც მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შეიცვალა სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობის ქსელები. სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ვადაზე ადრე დასრულდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებელში სამუშაოები 2021 წლის მარტში დასრულდება. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და საერთო ღირებულება 529 ათას ლარამდეა.