კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი რუსთავში – ქალაქს ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება
რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. რუსთავის თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის მერმა განაცხადა, პროექტის ღირებულება 1 მლნ 673 606.00 ლარია.
„პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, რეკრეაციული სივრცე 25 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. არსებულ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, ფატქობრივად ყველანაირი პირობებია იმისთვის, რომ კომპანიამ დათქმულ დროს დაასრულოს სამუშაოები. ამჟამად მიმდინარე სამუშაოების ტემპით კმაყოფილი არ ვარ, იმედი მაქვს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს, კერძოდ ივლისში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდება და ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
პროექტის მიხედვით, რეკრეაციულ სივრცეში ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ქვეითთა ბილიკები და შადრევანი მოეწყობა, ტერიტორიაზე განთავსდება დეკორატიული სკამები და მოეწყობა გარე განათების სისტემა. გათვალისწინებულია სანიაღვრე და სარწყავი არხების რეაბილიტაციაც. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მლნ 673 606.00 ლარია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ქალაქის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.