გორის 8 სოფელი აღდგენილი საირიგაციო სისტემით ისარგებლებს – შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფომრაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან სოფელ კარბისა და ქერეს ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური არხის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმენდება. ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.
„აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის – ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის,მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს. სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.