რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირებულის მხოლოდ 2 ახალი შემთხვევაა – ორივე მათგანი ლენტეხს უკავშირდება
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ახალი დაინფიცირების შემთხვევები ლენტეხის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ლენტეხის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ლამზირა ბენდელიანი „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, რომ 2 ახალი შემთხვევა წინა დღით გამოვლენილ კონტაქტებს უკავშირდება-„თითქმის ერთი თვეა ლენტეხში არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წუთისთვის, გვაქვს დაინფიცირების ზრდა. სულ ამ მომენტისთვის, 16 პაციენტია და აქედან 5 სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობს. რაც შეეხება დღევანდელ ახალ, ორ გამოვლენილ დაინფიცირებულს, ისინი სოფელი ხელედის მაცხოვრებლები არიან და ეპიდემიოლოგებმა სოფლის მთლიანი ტესტირების პროცესი უკვე დავიწყეთ“,-განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში ამ დრომდე, 50 ადამიანი რჩება.