რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლების რეაბილიტაციის პროექტებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ქალაქის ორივე საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

„ქალაქის სამ საჯარო სკოლას უკვე ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, წელს კიდევ ორ #25 და 26-ე სკოლებში დაიწყო სამუშაოები. პროექტების საერთო ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და შესაძლოა ვადაზე ადრეც დასრულდეს. შენობების სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, ფასადების ენერგოეფექტური დათბუნებაც მოხდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ზოგადად მიდგომა ასეთია – რუსთავში ყველა სკოლას უნდა ჩაუტრდეს რეაბილიტაცია, ეს იქნება ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის, თუ სამინისტროს დაფინანსებით“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

„25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში, პროექტით გათვალისწინებულია წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემების, სველი წერტილების, საკლასო ოთახების, სპორტული მოედნების, დარბაზებისა და გასახდელების სრული რეაბილიტაცია, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამასთანავე შენობების ენერგოეფექტური დათბუნება.

ორივე სკოლის რეაბილიტაციის პროექტების ღირებულება, ჯამში 8 მილიონ ლარს აღემატება, სამუშაოები წლის ბოლომდე, 11 კალენდარულ თვეში უნდა დასრულდეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.