რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ ნავთობმომპოვებელ კომპანია “ფრონტერასა” და ამავე კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა.
კომპნიის პოზიცია დედოფლისწყაროს ნავთობაზის მენეჯერმა, გიორგი ჯანიაშვილმა გაახმოვანა. მისი თქმით, ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება ეტაპობრივად ჩაერიცხება და ეს თანხა 500 ლარი იქნება.
შეთანხმების შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. როგორც “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, იმედოვნებენ, რომ ამ დაპირებას კომპანია შეასრულებს და წლის განმავლობაში არსებულ დავალიანებებს სრულად გაიასტუმრებს.
“ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო. კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს.