40 წლის განმავლობაში ენგურჰესი მეოთხედ გაჩერდა – მიმდინარეობს დეფექტური უბნების რემონტი

ენგურჰესის საიმედო და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, 2018-2021 წლებში რეაბილიტაციის მეოთხე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყო და ჰესი 40-წლიანი მუშაობის მანძილზე მეოთხედ გაჩერდა.
თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის ჯონი ჭანიას განცხადებით, რეაბილიტაციის მიზანი ფილტრაციული წყლის შემცირება და შიდა პერიმეტრზე დეფექტური უბნების რემონტია.
“ენგურჰესის კომპლექსის საექსპლუატაციო წესების მიხედვით, ყოველ 10 წელიწადში უნდა მოხდეს სადერივაციო გვირაბის როგორც დათვალიერება, ისე- სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ეს ენგურჰესისთვის, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია მუშაობს, რიგით მეოთხე გაჩერება და დათვალიერებაა. აქედან გამომდინარე, ამ რებილიტაციის მიზანი არის ფილტრაციული წყლის მოდინების შემცირება და ზოგადად, შიდა პერიმეტრზე დეფექტური უბნების რემონტი.”
თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე- უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გამოცდილება აქვთ.
„ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, სარეაბილიტაციო სამუშაოებს რომელი უბნები მოითხოვდა. გასულ პერიოდში ენგურჰესი 3-ჯერ გაჩერდა და რეაბილიტაცია ჩატარდა, ჩვენ იმ უბნებსაც დავათვალიერებთ. თუ საჭირო იქნა, სარემონტო სამუშაოებს იქაც ჩავატარებთ. თუმცა გვაქვს მონაკვეთი, რომელიც გვირაბის ბოლოსკენ არის და უფრო დიდ სამუშაოებს საჭიროებს. იქ შეიმჩნევა კონცენტრირებული ფილტრაცია და მისი აღმოფხვრა ამჟამინდელი გაჩერების პერიოდში მოხდება,”- განაცხადა ჯონი ჭანიამ.

ცნობისთვის, “ენგურჰესი” საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. კერძოდ, 2019 წელს ქვეყანაში სულ იწარმოა 11856.8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, სადაც „ენგურჰესის“ წილმა 28,1% შეადგინა, ანუ მთლიანად შარშან ჰესმა 3341.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესიდან“ მარაგდება დე ფაქტო აფხაზეთი, ჰესის მიერ წარმოებული დენის დაახლოებით 40% ოკუპირებულ ტერიტორიას მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები