მიხეილ ჩხენკელი: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საკლასო ოთახებში სწავლა აღდგება იმ შემთხვევაში თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ჩამოვა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა, რომ დადებითობის მაჩვენებელი თუ 4%-ზე ჩამოვა, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საკლასო ოთახებში სწავლა აღდგება.

მისივე ინფორმაციით, პირველ თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებისა, სასწავლო დაწესებულებები მუშაობას უკვე საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბუნებრივი გარემო სწავლისთვის არის საკლასო ოთახი. რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, სკოლებთან დაკავშირებით, როგორც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში 4-პროცენტიანი მაჩვენებელი ინფიცირების. თუ პირველ მარტამდეც ეს მაჩვენებელი შვიდდღიანი ინფიცირების ჩამოვა 4 პროცენტზე, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. 4 პროცენტზე თუ ჩამოვა შვიდდღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები