დედოფლისწყაროში კომპანია “ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნავთობის რეალიზაციის მიუხედავად, კომპანია ხელფასებს კვლავ არ გასცემს.
მათი თქმით, კომპანიას ამოღებული ნავთობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ, რადგან მათ შეთანხმება დაარღვიეს და პროდუქტის რეალიზების შემდეგ დავალიანების დაფარვაზე ისევ უარს ამბობენ.
აქციის მონაწილეები სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას და უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ორ წელზე მეტია უშედეგოდ ითხოვენ.
კომპანიის მენეჯერი გიორგი ჯანიაშვილი ამბობს, რომ “ფრონტერას” ხელმძღვანელობა მზად არის ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და არსებული საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილოს. მისივე განმარტებით, კომპანია დავალიანებას სრულად დაფარავს.
საპასუხოდ, აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ამ დრომდე კომპანიიდან მათთან კონტაქტზე არავინ გამოსულა, ამიტომ მიაჩნიათ, რომ “ფრონტერა საქართველოს” წარმომადგენლობა ამჯერადაც იტყუება.
ცნობისთვის, “ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო. კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს.