ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 6 ახალი ინფიცირებულიდან, ერთ-ერთი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანია.
როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ონიანმა განუცხადა, ლენტეხის მერს მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა, სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში გადაიყვანეს. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ბადრი ლიპარტელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, კორონავირუსის მიმდინარეობა თავდაპირველად რთულად დაეწყო, თუმცა ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.
„მაღალი ტემპერატურა მქონდა, კორონავირუსი დამიდასტურდა, ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ, მკურნალობას თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გავდივარ, ცოტა რთულად დამეწყო, მაგრამ ექიმების წყალობით უკეთესობისკენ მივდივარ. გამოჯანმრთელებისთანავე დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს“,-განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა