“სიღნაღის მერია მზად არის ყველა საჭირო დოკუმენტაცია გაასაჯაროოს” – რას პასუხობს მუნიციპალიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სოფელ მაშრაანში, სკვერის უხარისხო რეაბილიტაციის შესახებ, პასუხობს.
მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე განმარტებით, 2019 წელს” სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ მაშნაარში მოსახლეობასთან კრება გამართა, რის შემდეგაც ადგილობრივების აზრის გათვალისწინებით არსებული სკვერის ნაწილობრივი რეაბილიტაცია გადაწყდა, რის შემდეგაც, 2019 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით შპს „კამბისინესთან“ სკვერის რეაბილიტაციის თაობაზე დადო ხელშეკრულება.
” პროექტის ღირებულება 12 000 ლარს შეადგენდა, რომელიც სკვერის შემოღობვას და ატრაქციონის განთავსებას ითვალისწინებდა.
აღნიშნული თანხით კი სრული რეაბილიტაცია ვერ მოხდა.
2020 წელს ისევ გამოცხადდა ტენდერი სოფელ საქობოსა და მაშნაარში არსებული სკვერების რეაბილიტაციაზე ღირებულებით -34 541 ლარი. ტენდერში შპს “ბიბიჯიმ” გაიმარჯვა. მაშნაარის სკვერში გაკეთდა ბილიკები, ბორდიურები, სკამები და ატრაქციონები.
რაც შეეხება კომპანია “ბიბიჯის”, 2019 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის წესით აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა ოთხ პროექტზე (კანონი ამის შესაძლებლობას გვაძლევს), ხოლო 2020 წელს ოთხი გამოცხადებული ტენდერიდან აღნიშნულმა კომპანიამ ორში გაიმარჯვა”,- აღნიშნულია განცხადებაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში ყველა საჭირო დოკუმენტი გაასაჯაროოს.