გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტი პირველი თებერვლიდან დისტანციური სწავლებიდან კონტაქტურ სწავლებას უბრუნდება. გურიის სკოლები დისტანციურ რეჟიმში უკვე სამი თვეა მუშაობენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო და 2 სასულიერო სკოლა სწავლის დასაწყებად ემზადება.
„პირველი თებერვლიდან ყველა საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებში განვაახლებთ სწავლას, შეთანხმებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და გუბერნიაც, გუბერნატორთან შეხვედრისას ჩამოვყალიბდით და გადავწყვიტეთ დავიწყოთ სწავლა. სკოლების მზადყოფნაში უპირველესად მოვიაზრებ იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაციები კიდევ ერთხელ გადამოწმდება. ტემპერატორული საზომები, სხვა ტექნიკური საშუალებები, პირბადეები, ხსნარები, დასუფთავება, ფუნქციების განაწილება – ყველა პროცედურა დასრულდება. ყველა პედაგოგს, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება კოვიდ ტესტი. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. პარასკევს უკვე 1-6 კლასის ყველა მასწავლებლის ტესტირება მოხდება. მშობლებს არ ექნებათ განცდა, რომ რაიმე საფრთხე შეიძლება წამოვიდეს სკოლიდან. სკოლა კერა არ გახდება, ჩვენ ამის პირობას ვდებთ. დანარჩენი უკვე მოსწავლეების ქცევასა და მათ ინფორმირებულობაზე არის დაკავშირებული. უცხო პირთა სკოლაში შესვლა კვლავ დაუშვებელი იქნება. ზედმეტი შეკრებები და ღონისძიებები სკოლებში არ ჩატარდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ სემესტრს მშვიდობიანად დავასრულებთ, ჩვენ დამოკიდებული ვართ არსებულ სიტუაციაზე“, – განაცხადა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა.
სწავლის გასაახლებლად ემზადება ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაც. საგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეების მისაღებად, ყველა რეგულაციების დაცვით ემზადება. შენობაში შესასვლელთან და დერეფნებში დამონტაჟებულია სპეციალური დისპანსერები, დეზობარიერები, მობილიზებულია თერმო სკრინინგის აპარატები, გაკონტროლდება მოსწავლეების ნაკადი, დისტანციის დასაცავად. სკოლა აღჭურვილია სპეციალური ხსნარებით, პირბადეებით და სადეზინფექციო საშუალებებით, რაც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოსთვის არის საჭირო.
სწავლის გასაახლებად ემზადებიან მოსწავლეებიც. მათი აზრით, იმის მიუხედავად, რომ პედაგოგები ყველანაირად ცდილობენ, მათთვის შესაბამისი ცოდნის მიცემას, დისტანციური სწავლება მაინც სირთულესთან არის დაკავშირებული, გარდა ტექნიკური პრობლემებისა, მათთვის მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახებში დაბრუნება, რადგან მათთვის სოციალური ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია.
სასწავლო პროცესის განახლება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვასთან არის დაკავშირებული. „რეგიონული კვირა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელს ესაუბრა.
„გურიაში პირველი თებერვლიდან სკოლები აღადგენენ საქმიანობას, მოსწავლეები ივლიან სკოლაში, ეს არის ძალიან კარგი. მთელ საქართველოში კოვიდის შემთხვევებმა იკლო, ასე არის გურიაშიც. მაგრამ, ის რეკომენდაციები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შემუშავებული ჰქონდა, კვლავ ძალაშია და მათ შესრულებაზე კონტროლი უფრო გამკაცრდება. იმუშავებს შრომითი ინსპექციაც. სიახლე არის ის, რომ ყველა პედაგოგი და სკოლის პერსონალი, 2 კვირაში ერთხელ ტესტირებას ჩაიტარებს“, – განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში არჩილ მჟავიამ.