“ქუთაისში კორონავირუსის ვაქცინის დოზების შესანახად ყველა პირობა არსებობს”

“იმერეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის არანაირი შეფერხება ლოჯისტიკურ ნაწილთან დაკავშირებით არ გვექნება”,- ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქუთაისში ახალი ვაქცინის დოზების შესანახად ყველა პირობა არსებობს.
“სახელმწიფოს მიერ კოვიდვაქცინაციის გეგმა დამტკიცებულია. მთლიანადაა გაწერილი ლოჯისტიკური პროცედურა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს წინ უნდა უსწრებდეს. შესაბამისად, სისტემა ინფრასტრუქტურულად მზად არის, მათ შორის ქუთაისსა და იმერეთში. იმერეთში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი სასაწყობე მეურნეობა, “ცივი ჯაჭვის” სისტემა. როგორც მოგეხსენებათ, იმუნიზაცია მხოლოდ კოვიდს არ მოიცავს და ყოველწლიურად ჩვენთან, მთლიანად საქართველოში, მილიონამდე ვაქცინაცია ხორციელდება. არის შესაბამისი სამაცივრე სისტემები, -80-იანი მაცივრები, ასევე 2-დან 8 გრადუსამდე შენახვის საკმაოდ დიდი ტექნიკური რესურსი, ასე რომ არანაირი შეფერხება ლოჯისტიკირ ნაწილთან დაკავშირებით არ გვექნება”,- განაცხადა გიორგიძემ.
კონკრეტულად სად მოეწყობა ქუთაისში ვაქცინაციისთვის სივრცე, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, -80 გრადუსიანი ტიპის ვაქცინაცია სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები