თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, 28 წლის ქალის მკვლელობისა და ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ჯარჯი არაბული პატიმრობაში რჩება.
სასამართლო პროცესზე პროკურორის მიერ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დაცვის მხარემ იმ არგუმენტით გააპროტესტა, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მოსამართლემ არაბულის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მკვლელობის დროს აფექტურ მდგომარეობამდე სუფრის წევრებმა მიიყვანეს და განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია.
შეგახსენებთ, მკვლელობა 22 იანვარს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხვეში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, სადაც 46 წლის ჯარჯი არაბულმა ჯერ 28 წლის დიანა ფარსადანოვა მოკლა, რის შემდეგაც ჭრილობები ხვიჩა ერგემლიძეს მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.